გაზაფხული!

159686-Spring

დღეს გა-ზაფხულდა! ამ წელს მან პირველად შემოაბიჯა და მშვენიერი, მისი სილამაზით აღსავსე დღეებიც მალე მიილევა.

„მალე გადნება ყინული ლოდის,

მტკვარი ღრიალებს ტივების ტევით,

ამოდის მთვარე… ჰეი, ვინ მოდის?

ხელები ზევით!“

(გალაკტიონ ტაბიძე)

გაზაფხული, წელიწადის სეზონთა შორის საუკეთესოა! ამის მთქმელზე, ალბათ ნაწყენნი დარჩებიან დანარჩენი დრონი. ხაფხულის მზე სიამაყით ყელს მოიღერებს და იტყვის :

-მე საუკეთესო ვარ ზაფხულში, ისე გათბობთ, რომ ჩემგვარად სხვა დრო ვერ გაგათბობთ. რა თქმა უნდა, მართალიც იქნება.

-ჩემო მანათებელო, მცხუნვარე და თვალის მომჭრელო, ის თუ იცი, რომ ხშირად შენი ზედმეტი სითბოც მომაბეზრებელია, ისე აცხუნებ რომ ბევრი ადამიანიც მომკვდარა შენი სიცხით შეღონებული. ან ის თუ იცი, რომ ამ სითბოსთან ერთად მიუკარებელიც ხარ, რადგან შენ თვალებში ვერავინ ჩაგხედავს. შენ მაშინ ხარ კარგი, როცა სიცივისაგან გაყინულ ადამიანს გაათბობ.

ჩვენ კი ზაფხულის მცხუნვარე პერიოდი მზის გამო გვიყვარს, როდესაც უამრავი ტანსაცმლისაგან შემოსილი ვთავისუფლდებით. კიდევ იმიტომ გვიყვარს განსაკუთრებით, რადგან ეს პერიოდი განტვირთვისა და დასვენების საშუალებას გვაძლევს.

ჩემო ოქროსფერო შემოდგომავ, შენ არ დამრჩები ნაწყენი? ტყეში ხეები ახმაურდებიან და სიოს ნელი მოძრაობის მსგავსად ყურში ჩამჩურჩულებენ მოწყენილნი :

-მართალია ჩვენი ფოთლები გამწვანებულნი აღარ არიან, ნელ-ნელა ცვენას იწყებენ, დაბლა იფანტებიან, მაგრამ რა ვქნათ თუ ცოტახნით დაღონება მოგვიწევს. უშნო შესახედავები კი ვართ, მაგრამ მიწას ჩვენი ოქროსფერი, ზოგიც ყვითელი და უამრავი ფერის შვილები დაბლა, ისე ლამაზად არიან მიმოფანტულნი, რომ უამრავი ადამიანის გულს ხიბლავს. მათ ფეხვეშ ხალიჩის მსგავსად გაფენილია უამრავი სახეობისა თუ შესახედაობის ფოთოლი და მასზე ფეხის დადგმა, მათი შარი-შური ხალხს სიამოვნებს და ჩვენც ამაყად გადმოვიხედებით ხოლმე ზემოდან.

ნეტავ რას იტყვის ჩვენი გაყინული ზამთარი? როცა ჩვენი მოფარფატე ჩიტები მისგან შეშინებულნი თბილ ქვეყნებში მიფრინავენ. მას სიცივესთან ერთადერთი განსაკუთრებული თვისება აქვს, რომლითაც ჩვენ გულს ახარებს, ბუნებას საუკეთესო ჰაერს მოუვლენს, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ეს განსაკუთრებულობა, ციდან წამოსული, ქათქათა ფანტელებია, მათი შეჯგუფება კი თოვლს წარმოქმნის.

– ალბათ ეს ლამაზი არსებები შემომიტევენ და მეტყვიან, რომ ჩვენ უამრავს ვახარებთ,მართალია გაყინულები ვართ, მაგრამ ბავშვებს ჩვენი მოსვლა გულს უთბობს, აბედნიერებს. დიდი თუ პატარა ჩვენი მოვლენისთანავე სიხარულით გამორბის გარეთ, თოვლის გუნდას აკეთებენ და ისე მხიარულობენ, როგორც არასდროს.

– მართალი ხარ, ჩემო ბამბის ქულავ, მაგრამ ბევრს თუ უხარია შენი მოსვლა ბევრსაც ეჯავრები. იცი რატომ? მათ არ აქვთ შესამოსელი, რომლითაც შენგან თავს დაიცავენ, უამრავი ქუჩაშია და შენი ფანტელები ეყრება, გულს კი არ უთბობს უყინავს. შენი მეგობარი რომაა ყინულს რომ ვეძახით, მას დიდი ძალა აქვს, შეუძლია თავის მსგავსად გადააქციოს, როგორც მცენარეები ისე ადამიანები. შენი ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ იცი რომ შენი მოვლენისთანავე სხვა სილამაზეებიც იკარგება? მაგალითად ნორჩი, ახალგაზრდა ყვავილებს ფარავ, ან საერთოდ აქრობ. შენ იბადები სხვებს კი სიცოცხლეს ართმევ.

…და აი მოვედი შენთანაც, ჩემო განსაკუთრებულო! შენ სიცოცხლის წყარო ხარ, მაცოცხლებელი ძალა დედა ბუნებისა. ახალი იმედი, ძალა და ენერგია. შემოაბიჯებ თუ არა გული სიხარილით მევსება, რადგან ვიცი რომ ახლ სიცოცხლეს შობ. რა სასიამოვნოდ გვაცნობენ მერცხლები თავისი ჭიკჭიკით შენს მობრძანებას, სიხარულით დაფარფატებენ ჭრელი პეპლები.

„დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,

ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას

და ბულბულიც გამაგონებს

მისებურად „ტია, ტიას!“

(აკაკი წერეთელი)

ხეზე კვირტი რომ ამოდის და მთლიანი ხე შეიმოსება ფერადი ყვავილებით, მეტად საინტერესო ბუნების მოვლენაა. განსაკუთრებით ლამაზია ტყემლის ხე, ღია, ნაზი ვარდისფერი ყვავილებით დახუნძლული. მიწიდან ია თავმომწონედ რომ ამოყოფს თავს ეს უკვე შენი შემობრძანების მანიშნებელია და, რომ მოხვალ ბუნებას ნაირ-ნაირი ფერებით მოსავ, ყველა-ფერი ერთმანეთშია არეული და ცისარტყელასავით ლამაზ გარემოს ქმნის. ისეთივე ლამაზი და თავმომწონე ხარ, როგორც ენძელა, ისეთივე ნაზი და სათუთი, როგორც ფურუსულა და ისეთივე განსხვავებული და განსაკუთრებული, როგორც ყოჩივარდა.

დილით, ალიონზე რომ აივანზე გადმოდგებიან და მთელი ძალით სიამოვნებით შეისუნთქავენ შენ სურნელს, ის სამუდამოდ აღიბეჭდება ყველას სულსა და გულში და შენი ყოფნის დღეები რომ მიილევა გულდაწყვეტილები დარჩებიან, რადგან ერთი წელი უნდა ელოდონ შენ ტკბილ სურნელს, რომელიც გონებაშია ჩაქსოვილი.

შენშიც არის ცუდი თვისება, ერთი დაუმორჩილებელი და თავზეხელაღებული, გიჟი გადარეული, შეუპოვარი და თვე გყავს, თერგის მსგავსად. ოხ, ეს მარტი, მაგრამ თუ დავუფიქრდებით საინტერესოა ნამდვილად, ცვალებადი ხასიათის ადამიანს წააგავს, რომელიც დილით კარგ ხასიათზეა და საღამოს კი განწყობა ეცვლება. ეს ჩვენი მარტიც ასეთია, დილით შეიძლება გამოინათოს და საღამოს ისე მოიღრუბლოს, რომ კარგი შხაპუნა წვიმა მოიყვანოს. ოჰ, ეს წვიმა კი მაინც რა სასიამოვნოა, ქუჩაში რომ გახვალ და ერთმანეთშია ყველა სურნელი არეული, ასფალტს როგორი სუნი ასდის. ან თუ წარმოიდგენ და ამ წარმოდგენას შეისრულებ ხომ უფრო კარგი. შხაპუნა წვიმაა გარეთ, გესმის მისი ტყაპა-ტყუპი, როგორი მძიმედ ეცემა მიწასა და სახლის სახურავებს, შენ კი ფანჯარასთან ზიხარ, და გაჰყურებ მარტის გიჟურ მოვლენას, სავარძელში ხარ მოკალათებული და წიგნს კითხულობ.

ოჰ რა კარგი ხარ გაზაფხულო, როგორი ფერადი, გამორჩეული და განსაკუთრებული, ბუნების ყველა მოვლენას რომ იფერებ, წვიმაც სასიამოვნოა შენ რომ ხარ. მზეც, რომელიც საჭირო და აუცილებელია, რადგან მრავალი მცენარე გაახაროს ისევევ როგორც წვიმამ და თბილი სიო რომ წამოუბერავს და არევს შენ სურნელებებს ერთმანეთში, ეგ ხომ სასიამოვნოზე სასიამოვნოა. მიყვარხარ ჩემო გაზაფხულო, შენ გიჟ და გადარეულ მარტთან ერთად!

„ტურფა გაზაფხული მოვა,

ტურფა გაზაფხული მოდის,

ამას მეუბნება თოვა

და სითეთრე ტყემლის ტოტის“

(მურმან ლებანიძე)

თამარ ტოჩილაშვილი

Advertisements